რეგიონი
ზუგდიდის ბაზრის ნაწილმა ფუნქციონირება დაიწყო
დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნა. კერძოდ, ფუნქციონირება დაიწყო მარკეტის ადმინისტრაციულ შენობაში განლაგებულმა სასურსათო მაღაზიებმა და ხილ-ბოსტნეულის სექციამ.

"აღდგომის დღესასწაულამდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ფუნქციონირებდა და სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო, ითვალისწინებდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს, დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აღდგომამდე როგორც ფოთში, ასევე ზუგდიდში მივიღეთ დიდი დატვირთვა. გარე პერიმეტრზე შეუძლებელი შეიქმნა დისტანციის დაცვა. დღეის მდგომარეობით, ვინაიდან მსუბუქი ავტომანქანების შეზღუდვა ძალაშია, დატვირთვა ბაზრებში შესაბამისად მინიმალურია", - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები. ტერიტორიაზე კი რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმოამდგენლები გააკონტროლებენ. გარდა ამისა, ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

ზუგდიდის აგრარული ბაზარი, დროებით 16 აპრილს დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა.


Print