რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მერებთან დისტანციურ თათბირი გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მუნიციპალიტეტების მერებთან დისტანციური თათბირი გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მერებმა რეგიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების დახმარების საკითხზე.

სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს მოუწოდა მაქსიმალურად მოახდინონ მობილიზება, რათა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც მუნიციპალურ ცენტრებს დაშორებულები არიან არ შეექმნათ სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების პრობლემა, ასევე არ შეიქმნას პრობლემა სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად გადაადგილების დროს.

,,ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთეთ, სოფლის რწმუნებულები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები საკითხის მოგვარებაში. შესაბამისად, ეს ადამიანები მოემსახურებიან საჭიროებისამებრ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა თითოეულ მოქალაქეს ვისაც დახმარება სჭირდება ყურადღების გარეშე არ დარჩეს, გარდა ამისა მათ შეუძლია დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტებს და ასევე რეგიონულ ცხელ ხაზს, შესაბამისად რეაგირება იქნება მყისიერი“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

,,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება - მათ სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე შეუძლიათ გადაადგილება. შესაბამისი ნებართვების გაცემას რეგიონული შტაბები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განახორციელებენ, გთხოვთ რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდოთ, მოსახლეობას, რათა არ მოხდეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს შეფერხება“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

დისტანციურ თათბირს სახელმწიფო რწმუნებულტან ერთად მისი მოადგილეები ესწრებოდნენ.
Print