ახალი ამბები
სამეგრელოში ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო (ფოტო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე პლანტაციაზე ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო. რადიო "ათინათს" საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია "ლაზის" დირექტორმა გონერ სალიამ უთხრა, რომ ამ ეტაპზე იკრიფება წალენჯიხის, ზღვაიას და პირველი მაისის ტერიტორიებზე არსებული პლანტაციები.

მისი ინფორმაციით, წელს კომპანია რამდენიმე სახეობის პროდუქტს დაამზადებს, მათ შორის, უმაღლესი ხარისხის შავ ჩაის, რომელიც წელსაც, შარშანდელივით, 25 ლარი ეღირება. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ მწვანე ჩაის. 

"წელს გვაქვს სიახლე - მწვანე ბაიხის ჩაი. ის თანამედროვე დანადგარებით არის მომზადებული და გამორჩეულად მაღალი ხარისხისაა. შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ჩაი ჩვენს ბაზარზე იშვიათია. ჩვენმა თანამშრომლებმა ჩინეთში 2 თვიანი გადამზადება გაიარეს, რაც ძალიან დაგვეხმარა", - თქვა კომპანიის ხელმძღვანელმა. 

გონერ სალია ამბობს, რომ გასულ წელს მოსავლის ძირითადი ნაწილი ჩინურმა კომპანიებმა შეიძინეს, თუმცა, წელს, მაღალი ხარისხის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება. მეწარმე ვარაუდობს, რომ ჯამში, დაახლოებით, 50 ტონა ჩაის წარმოებას შეძლებენ, აქედან 10-12 ტონა უმაღლესი ხარისხის იქნება.

ჩაის კრეფის სამუშაოებზე ამ ეტაპზე 20 - მდე ადგილობრივია დასაქმებული. სპეციალისტის თქმით, მკრეფავების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. ერთი კილო ჩაის შეგროვება მათ ლარ-ნახევრით უნაზღაურდებათ.

კომპანიის განკარგულებაში ჯამში, დაახლოებით, 340 ჰექტარზე არსებული ჩაის პლანტაციებია. "ლაზის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 100 ჰექტრამდე ტერიტორია დაამუშავა.
Print