ახალი ამბები
ზუგდიდში ლომბარდის და ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ორი პირი - პ.ს. და შ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ზუგდიდში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონებს. პოლიციამ 13 ნაქურდალი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

ზუგდიდის ცენტრში მდებარე ტექნიკის მაღაზია 2 მაისს გაქურდეს. შპს "ვეკოს" ხელმძღვანელის მაია ვეკუას ინფორმაციით, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, გვიან ღამით მოხდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, წაღებულია 40 000 ლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა.
Print