ახალი ამბები
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სოხუმი ვირტუალურად აღნიშნავს
კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთში 15 მაისამდე  აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და გაუქმებულია ყველა აქცია, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, "სამხედრო დიდების მუზეუმმა" ჩაწერა ვირტუალური ექსკურსია სახელწოდებით "კავკასიისთვის ბრძოლის ექო", რომელიც "კულტურის სამინისტროს" და მუზეუმის ვებგვერდებზე აიტვირთება, წერს "აფსადგილ ინფო".

გარდა ამისა მუზეუმმა "თავდაცვის სამინისტროსთან" ერთად მოამზადა სლაიდ - შოუ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ფოტოებით, რომელიც აფხაზური არხებით გადაიცემა. წელს ასევე გაიმართება " ვირტუალური უკვდავი პოლკის" ონლაინ - აქცია.

მიუხედავად საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისა, 9 მაისს, "ხელისუფლების" წარმომადგენლები და რაიონის ხელმძღვანელები აფხაზეთში მცხოვრებ ყველა ვეტერანს მოინახულებენ.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა.

საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, კერძოდ, ქალაქში ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამოუშავდა აგრარული ბაზრების ნაწილი, გაიხსნა სილამაზის სალონები.

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.




Print