ახალი ამბები
აფხაზეთში 1-10 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დასრულდა
სოხუმმა 1-10 კლასებისთვის სასწავლო წლის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, წერს "აფსნიპრესი". 

"განათლების სამინისტროს" პრესსამსახურის ხელმძღვანელის ასლან ქუთელიას ინფორმაციით, მე - 11 და მე - 12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2 ივნისიდან ორი კვირით განახლდება, რა დროსაც ისინი გამოსაშვები გამოცდებისთვის მოემზადებიან.

"უფროსკლასელები მხოლოდ 2 გამოცდას ჩააბარებენ წერილობით, მშობლიურ ენას და მათემატიკას", - უთხრა გამოცემას ქუთელიამ.

მისივე თქმით, ბოლო ზართან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ამავე ინფორმაციით, წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სკოლას 1800 მოზარდი დაამთავრებს.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. შეზღუდვების ნაწილი  ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მაისიდან მოიხსნა.  






Print