ახალი ამბები
ზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ მამაკაცს 3 წელი მიუსაჯეს 
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ შამგონაში ოჯახური ძალადობისა და ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია დამნაშავედ ცნო. მოსამართლე შოთა ბიჭიამ ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანიდან არასრულწლოვნების თანდასწრებით ოჯახის წევრზე ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირა. საბოლოოდ, სორდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო ცოლის მიმართ ძალადობასა და დედის ცემის ფაქტზე. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

გარდაცვლილი ეკა მიქავას ოჯახის ინტერესებს ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარი" იცავდა. 

"ბრალდებულის და დაცვის მხარემ უდაოდ გახადა მტკიცებულებები და ამით ეგონათ, რომ პირობით მსჯავრს ან შემამსუბუქებელს მისცემდა მოსამართლე, მაგრამ მან არ გაითვალისწინა ეს გარემოებები და ფაქტობრივად, ერთი დღეც არ დაუკლო, მიუსაჯა მაქსიმალური სასჯელი. დაზარალებულის და ჩვენი პოზიცია იყო, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცათ ამ მუხლებისთვის და მკაცრად დაესაჯათ ბაკურ სორდია. გარდა ამისა, ის დღემდე ახორციელებს თავის არასრულწლოვან შვილებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას", - განუმარტა რადიო "ათინათს" ორგანიზაციის იურისტმა ელისო რუხაძემ. 

გასული წლის 28 დეკემბერს სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მეზობლის ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიქავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდათ. ისინი ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და მას ქმართან კონფლიქტი ჰქონდა.

შს სამინისტროს მიერ გამოძიება, სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 126-ე – ძალადობის მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში რჩება

შამგონაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მშობლები აქციას მართავენ

ზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

მამუკა წოწერია: შამგონაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტთან საკრებულოს წევრს კავშირი არა აქვს

აქტივისტი მანდატის შეჩერებას ითხოვს დეპუტატისთვის, რომლის ბოსელში თვითმკვლელობა მოხდა 

შამგონელი ქალის ოჯახი მის გარდაცვალებაში ქმარს ადანაშაულებს




Print