რეგიონი
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ხურჩა-ნაბაკევის ადმინიტრაციულ საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილით შეამკეს.

,,ამ უმძიმესი ფაქტიდან ოთხი წელი გავიდა, სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა დღესაც არ არიან დაცულნი, მაგრამ უახლოეს მომავალში მოვა ის დრო, როდესაც საოკუპაციო ხაზი და ეკალ-ხლართები აღარ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ერთიან მთლიან საქართველოში ცხოვრებას“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.



„გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ ქმედებებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამთლიანებული საქართველო, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
Print