კორონავირუსი
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან უქმდება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, თუმცა, მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული.

„ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება, ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისგებლობა, როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის, კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა მოთხოვნები, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ, არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კორონასვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად და ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა",- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, კომენდანტის საათი კი – 31 მარტს.
Print