რეგიონი
ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზის მოსაწყობად 12 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 928 092 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია 10კმ გრუნტის გზის მოწყობა, რომლის სიგანე 6,5 მ უნდა შეადგენდეს. პროექტი ასევე წყალამრიდი გაბიონებისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობას ითვალისწინებს. სახიფათო უბნებზე კი გზა ლითონის მრუდხაზოვან ძელებიანი ზღუდარებით შემოიფარგლება.

„ვინაიდან საძიებო გზა განეკუთვნება დაბალ ტექნიკურ კატეგორიას და ხასიათდება მაღალი გრძივი ქანობებით საპროექტო მონაკვეთზე კაპიტალური ტიპის საგზაო სამოსის მოწყობა გათვალისწინებული არა რის. სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს მხოლოდ და მხოლოდ მიწის სამუშაოების სრულყოფის ფონზე“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ საპროექტო გზა არის სპეციალური დანიშნულების და „მომავალში გამოყენებულ იქნება სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად (საბაგიროები, სასტუმროები დ.ა.შ), რაც უმნიშვნელოვანეს როლს შეიტანს რეგიონის განვითარებაში“.

დღეის მდგომარეობით, აღნიშნული გზა ავტომობილებისთვის მრავალ ადგილას გაუვალია და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები ახერხებენ მათ გადალახვას.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები 3 ივნისამდე უნდა წარადგინოს. გზის მშენებლობა კი გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა დასრულდეს.

ინფორმაციისთვის, 2017 წელს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შპს „აბსოლუტ სერვისმა“ შეიმუშავა. ამისთვის ფონდმა 500 000 ლარი გამოყო.

ფოტო: რომან თოლორდავა


Print