ახალი ამბები
საქართველოს რუკის დამახინჯება დასჯადი ხდება
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი მასალის დამზადება, რეკლამირება, გამოყენება, გადაზიდვა და ა.შ. დასჯდადი ქმედება ხდება. სისხლის სამართლის კოდექსს შესაბამისი 3431 მუხლი ემატება, რომლის თანახმად მსგავსი ქმედებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ხორციელდება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული ქმედებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირები - 300 ლარის ოდენობით.

"… ხშირია ბეჭდური რუკის ან სხვა საგნების გავრცელების შემთხვევები, რომელზედაც საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გარეშეა გამოსახული. აღნიშნულის შედეგად უმეტეს შემთხვევაში მიზანმიმართულად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოსდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენს და არა საქართველოს განუყოფელ ნაწილს," - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.


Print