ახალი ამბები
ბათლომე შელია: ჩემთვის ბრალის წაყენება დამოკლეს მახვილია წინასაარჩევნოდ
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელია ამბობს, რომ მისთვის ძალადობის მუხლით ბრალის წაყენებას გეგმავენ. ის ქალაქის პოლიციის სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა. საუბარია ოპოზიციონერ დეპუტატსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ბათლომე შელია კატეგორიულად უარყოფს. საკრებულოს წევრი ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ ჩემს კისერზე დამოკლეს მახვილი დაკიდოს. უნდათ, რომ, მათი აზრით, წინასაარჩევნოდ პრესის ქვეშ ვყავდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი და აბსურდულია ის საქმე რასაც მედავებიან. თვითონ მოძალადე მეუბნება, რომ ძალადობა ჩავიდინე. თვითონ ეს ადამიანი ემუქრებოდა „წითელი ჯვრის“ მოხალისეებს და განახორციელა კიდევაც. მე გადავეფარე ამ ახალგაზრდებს და არ ვაძლევდი საშუალებას მათთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა. ეს კი არ აინტერესებს გამოძიებას და აინტერესებს მხოლოდ ის ნაწილი, როცა მე და ის გადავეკვეთეთ ერთმანეთს. მაშინაც არ ყოფილა ძალადობა. მხოლოდ არ ვაძლევდი საშუალებას გადმოსულიყო მანქანიდან და გაეგრძელებინა ბავშვებისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ამ ახალგაზრდებმა მითხრეს, რომ ის ნაჯახით ემუქრებოდა და დასდევდა მათ“ - თქვა ბათლომე შელიამ.

სამმართველოსთან იმყოფებიან პარლამენტის წევრი “ევროპული საქართველოდან” ლელა ქებურია და პარტიის სხვა წევრები და მხარდამჭერები.

დეპუტატსა და აქტივის შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული.

Print