ახალი ამბები
გალ ტვ: დღეიდან ენგურის ხიდი "აფხაზეთის მოქალაქეებისთვის" ცალმხრივად გაიხსნება
აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 26 მაისიდან ენგურის ხიდის გადაკვეთას და მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას შეძლებენ "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები", რომლებიც მკურნალობის მიზნით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.ინფორმაციას "გალ ტვ" "მთავარი სანიტარული ექიმის" ლუდმილა სკორიკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ "მოქალაქეების აფხაზეთში ორგანიზებული დაბრუნება ხორციელდება 2005 წლიდან მოქმედი საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესების ფარგლებში, რომელიც გამოიყენება კარანტინის და განსაკუთრებით საშიში დაავადებების გავრცელების დროს".

ამავე ცნობით, ენგურის ხიდზე განთავსებულ გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, მათ თან უნდა იქონიონ კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დამდასტურებელი საბუთი. აღნიშნულის არქონის შემთხვევაში, მათ ბიოლოგიური მასალას აუღებენ, რომელიც გამოსაკვლევად გაიგზავნება. მოქალაქეებმა, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთენ ენგურზე, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეჟიმი უნდა დაიცვან, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს, უსაფრთხოების და სასამართლო - საექსპერტო სამსახურები გაუწევენ მონიტორინგს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სოხუმმა ენგურის ხიდი 14 მარტს ჩაკეტა.

Print