ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ოკუპაციის კლანჭებისგან გათავისუფლებით საქართველომ დაადასტურა რომ მივისწრაფვით ევროპული ღირებულებებისკენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასა და პოლიტიკური ლიდერის სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკო. 

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩემს ძვირფას ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ოკუპაციის კლანჭებისგან გათავისუფლებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვულოცავ თითოეულ ქართველს დღევანდელ დღეს და ვისურვებ რომ საქართველო ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გახდეს ერთიანი, ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისივე განმარტებით ზუგდიდში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე არ ტარდება.

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 102-ე წელს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. ამავე დღეს ხელი მოეწერა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს“.


Print