ახალი ამბები
29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობა აღდგება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, მუნიციპალური ტრანსპორტი გარკვეული წესების დაცვით იმუშავებს, მათ შორის, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. 


„კონტროლზე პასუხისმგებლები იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, - აღნიშნა გახარიამ.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის შესაბამისად, დღეს ინფიცირებულთა ახალი შემთხვევა გვაქვს 3 და სამივე არის საკარანტინო ზონებიდან. ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი: ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები, ძირითადად, მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება; მეორე - ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ უკვე ჩვენთვის ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობას, მიმოსვლა 8 ივნისს აღდგება.


Print