ახალი ამბები
სოხუმის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძებნილი ერიკ ჭკადუა დააკავეს
სოხუმის სანაპიროზე რესტორან "სან - რემოსთან" მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა 2019 წლის 9 დეკემბერიდან ძებნილი ერიკ ჭკადუა დააკავეს. ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს. 

ამავე დანაშაულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, 1982 წელს დაბადებული ბესლან ბგანბა დააკავეს. ამ უკანასკნელმა დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია მათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. ბგანბაზე ძებნა აფხაზეთის "გენერალურმა პროკურატურამ" 2020 წლის 11 თებერვალს გამოცხადა. ის ოჩამჩირის რაიონში 8 მაისს დააკავეს.

ამავე ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა კიდევ სამ პირს: ასლან ბლაბბას, დათო და დემურ ახალაიებს.

2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომელიც უფრო გვიან, 3 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს აღიძრა.


Print