ახალი ამბები
ბუნების ნორჩი დამცველები წალენჯიხიდან - საჩინოს სკოლის ეკო-კლუბი (ფოტო)
უკვე თითქმის წელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბი “Green world“ სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებშია ჩართული. დედამიწის დღის აღნიშვნა, მაკულატურის რეგულარული შეგროვება და საქველმოქმედო მიზნებით ჩაბარება, სკოლაში მწვანე კუთხის მოწყობა, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება - იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რასაც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ახორციელებენ.

როგორც კლუბის ხელმძღვანელი,  გეოგრაფიის მასწავლებელი ირინე აბრალავა ამბობს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა, რასაც მოზარდებისთვის საინტერესო მეთოდების დანერგვით ცდილობს.

„უკვე რამოდენიმე წელია მოსწავლეები ჩვენს კუთხეში არსებულ სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე დამყავს. ძირითადად ფეხით დავდივართ, რა დროსაც ხშირად ვაწყდებით დაბინძურებულ გარემოს, გაჩეხილ ტყეებს და ა.შ. იყო შემთხვევა, როცა გზად ხეზე მიჭედებულ ყანჩას წავაწყდით, რამაც მეც და მოსწავლეებსაც პროტესტის გრძნობა გაგვიმძარფა და ასე გადავწყვიტეთ ეკო-კლუბის ჩამოყალიბება. ბავშვებიც ენთუზიაზმით ამყვნენ ... გეოგრაფიის მოედნის მოწყობით დავიწყეთ, ხშირად ვასუფთავებდით სკოლის და სოფლის ტერიტორიას. გვქონდა მაკულატურის შეგროვების აქცია, სხვა გამოფენა-გაყიდვებიც, საიდან შემოსული თანხაც ქველმოქმედებას მოახმარეს ბავშვებმა. მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით ოჯახებში მოაწყვეს მინი სათბურები. მოიძიეს ინფორმაცია გადაშენების პირას მყოფი ფრინველებისა და ცხოველების იშვიათ ჯიშებზე. მაგალითად,  ტრიტონებზე, რომლებიც ჩვენს სოფელშიც არიან მრავლად. ინფორმაციას ისინი ადგილობრივებს უზიარებენ და ასე ცდილობენ გარშემომყოფების ჩართვას ამ ყველაფერში“, - გვიყვება პედაგოგი.

მისივე თქმით, ახლა, როდესაც მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დადგა, ეკო-კლუბის წევრებმა ონლაინ რეჟიმში დაგეგმეს არაერთი აქტივობა, მათ შორის სახლის პირობებში კოლხური ბზის დაკალმება, რომელიც ყველასთვის საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.

მოსწავლეები მომავალშიც გეგმავენ  დასუფთავების და საქველმოქმედო აქციების უფრო ფართო მასშტაბებით მოწყობას. ამისთვის ისინი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე დასუფთავების და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურებთან თანამშრომლობენ.
Print