ახალი ამბები
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ 8 კურსანტი გამოჯანმრთელდა
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსისგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი რუსეთის სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები არიან, ამის შესახებ ინფორმაციას სოხუმში კორონავირუსთნ ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 30 მაისის მონაცემებით, გუდაუთის ჰოსპიტალში 3 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი რჩება, წერს "აბხაზია ინფორმი".

ამავე ცნობით, გასული დღე - ღამის განმავლობაში 51 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული ტესტირება, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. საკარანტინო ზონა კიდევ სამმა ადამიანმა დატოვა. ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა, მანამდე კი 26 მაისიდან, ცალმხრივად გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვის წინ ჩაკეტა. აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ.

Print