ახალი ამბები
სოხუმში საზღვაო სეზონისთვის მზადებას იწყებენ
5 ივნისიდან სოხუმში საზღვაო სეზონი გაიხსნება. ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელების განცხადებით, უახლოეს დროში დაიწყება სანაპირო ზოლისა და ზღვის წყლის გასუფთავება ნაგვისგან, ასევე, მაშველების მომზადება, წერს "აიაირა".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის თენგიზ საბუას განცხადებით, შესაძლოა საკურორტო სეზონი გადაიდოს, თუმცა, მიუხედვად ამისა, ადგილობრივი მცხოვრებლები ზღვაზე მაინც ივლიან, შესაბამისად, მისი თქმით, "სანაპიროების აღჭურვა აუცილებელია".

ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.


Print