ახალი ამბები
სოხუმმა ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტა
1 ივნისიდან ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა. 26 - დან 31 მაისის ჩათვლით სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი 532 - მა ადამიანმა გადაკვეთა. ინფორმაციას გამოცემა "აიაირა" ავრცელებს.

სოხუმმა 26 მაისიდან ცალმხრივად გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვის წინ ჩაკეტა. აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს გადმოჰყავთ მოქალაქეები დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალოდ.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ფიქსირდება იმ პირთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც სამკურნალოდ მიემგზავრებიან საქართველოში. მისი თქმით, მან დავალება გასცა, რომ ამ ადამიანებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ:

"ბევრი მიზეზის გამო ჩვენ ამ პროცესის შეჩერება არ შეგვიძლია, ეს ჰუმანიტარული მიზეზებია. საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს სამუშაოებს იმ პირთა ლეგალიზებიის მიზნით, რომლებიც ცოტა ხანში კვლავ უნდა გაემზავრონ. თქვენ წერთ ნოტებს, ათანხმებთ, აგზავნით მათ, ამ დროს კი არიან მძიმე ავადმყოფები, ბავშვები, რომელთაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ გასვლა. აქ არის მარტივი და გასაგები დავალება, არავის უთხრათ უარი", - თქვა ანქვაბმა.

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით ენგურის ხიდზე განთავსებული ე. წ. გამშვები პუნქტი 14 მარტს ჩაკეტა.

სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

Print