ახალი ამბები
სოხუმმა ბრიტანეთში საქართველოს ელჩის ტვიტს "პროვოკაციული" უწოდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა "სამინისტრო" დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის მიერ 1 ივნისს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა და  აღნიშნულ ტვიტს "პროვოკაციული" უწოდა, ელჩი კი დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა:

"სავსებით ნათელია, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მორიგი ცინიკური გამოხტომა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფონზე, ამ დღის გამოყენებით გაკეთდა, მკაფიოდ ზის აფხაზეთის რესპუბლიკის საინფორმაციო გაშავების პოლიტიკაში. ვითომდა ბავშვებზე ზრუნვის გზით საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში აფხაზეთის დემონიზებას ცდილობს იმით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ტენდენციურ შთაბეჭდილებებს ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმში აცხადებენ, რომ გალის რაიონის მოსახლეობა სარგებლობს მშობლიურ ენაზე სწავლისა და კიდევ სხვა ბევრი ფუნდამენტური უფლებით.

დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო უწყების" განცხდებით, "მათ სერიოზულ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეყრდნობიან დამახინჯებულ ინფორმაციას, როგორც ერთადერთ უტყუარ წყაროს. ამავე დროს, მრავალგზის და უხეშად ირღვევა საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთის მოქალაქეების საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებები".  მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს არ ესმით, რომ ასეთი პოლიტიკა მხოლოდ ხელს უშლის მხარეებს შორის ნაყოფიერი დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას.

აფხაზური მხარე გეგმავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან დაგეგმილი კონსულტაციების დროს განაცხადოს იმის შესახებ, რომ დაუშვებელია თბილისის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე "აფხაზეთის რესპუბლიკის" იმიჯის შელახვის მიზნით არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

დიდი ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა 1 ივნისს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია გოგონა, რომელიც ეკლიან მავთულხლართის ქვეშ მიცოცავს და ხელს საქართველოს დროშისკენ იწვდის. ამ გზით ელჩმა ბავშვთა დაცვის დღეს საერთაშორისო საზოგადოებას ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება შეახსენა და დაწერა: "უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოკლებულნი არიან მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას".




Print