ახალი ამბები
ზუგდიდელი მოსწავლე ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინა ქარჩავა გახდა. რადიო"ათინათთან" საუბარში ქრისტინა ამბობს, რომ კონკურენციის გამო ფინალისტებში მოხვედრა მისთვის მოულოდნელი იყო. 

"კონკურსის შესახებ სკოლიდან გავიგე, დავინტერესდი და მივიღე მონაწილეობა. უნდა დაგვეწერა რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორობა თანამედროვე სამყაროში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შთაგონების წყარო საზოგადოება იყო, რომლის არასწორმა დამოკიდებულებამ, აზრმა, შესაძლოა მარტივად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება უარყოფითად. ნამუშევარში მოვიყვანე მაგალითები, რასაც ჩემს გარშემო ვაწყდები, რაც არ მომწონს. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით საჭიროა სწორი აღზრდა, ჯანსაღი აზროვნება და ცნობიერების ამაღლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ, რომ თანასწორობა, მრავალფეროვნება განსხვავებულობა ნაკლი არ არის - ყველა უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ადამიანების გარეგნობა, რელიგია, თუ სხვა განსხვავებულობა არ უნდა გვიშლიდეს მასთან ურთიერთობაში. მიხარია, რომ ჩემს გარშემო ბევრი ახალგაზრდაა, ვინც ანალოგიურად ფიქრობს, რაშიც რა თქმა უნდა დიდი წვლილი შეაქვს სხვადასხვა პროექტებს, ტრენინგებს რაც ხორციელდება მოზარდებისთვის", - ამბობს ქრისტინა. 

როგორც მან აღნიშნა, მომავალში საერთაშორისო სამართლის შესწავლას აპირებს. მანამდე კი ხშირად მონაწილეობს სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლოებში, რაც ძალიან მოსწონს. 

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა, კონკურსის ორგანიზატორებმა, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს. მოსწავლეებს სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ. 

ევროსაბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი ესე იყო წარმოდგენილი, საბოლოოდ კი კრებულის გამოსაცემად 10 ნამუშევარი შეირჩა. 

"ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 15-18 წლის ასაკის მოსწავლეებმა, რომელთაც  თავიანთი აზრები და გამოცდილება დაწერეს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ, დღევანდელ საქართველოში, ასევე ქვეყნის ისტორიაში, ლიტერატურასა და კულტურაში", - აღნიშნავენ ორგანიზატორები. 

ამავე ცნობით, კონკურსი საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ეგიდითა და კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული კამპანია ევროსაბჭოს პროექტის "დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა" ფარგლებში, დანიის სამეზობლო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. 


Print