ახალი ამბები
გალის სკოლების მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს რუსულ ენასა და მათემატიკაში ჩააბარებენ
გალის სკოლების უფროსკლასელები გამოსაშვებ გამოცდებს "მშობლიურ, ანუ, რუსულ ენასა და ალგებრაში ჩააბარებენ", ამის შესახებ "გალ ტვ" - ს  გალის რაიონის "განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა" ასიდა ლაცუჟბამ განუცხადა.

"1- 10 კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დასრულდა, ხოლო მე - 11 კლასელები ორ გამოცდას ჩააბარებენ, ეს არის მშობლიური ენა, ვინაიდან ჩვენი ყველა სკოლა რუსულია, ისინიც რუსულში ჩააბარებენ გამოცდას, შინაარსს დაწერენ, აი დაბალ ზონაში, სადაც  ქართული სექტორი რჩება, მე- 9 - დან მე - 11 კლასების ჩათვლით, მოსწავლეები კარნახს დაწერენ რუსულ ენაზე. სხვა კლასებში კი ორ გამოცდას ჩააბარებენ რუსულსა და ალგებრაში. პირველი გამოცდა, რუსულ ენაში 11 ივნისს ჩატარდება, მეორე მათემატიკაში - 23 ივნისს", - განმარტა ლაცუჟბამ.

მისივე თქმით, გალის რაიონში მოქმედ 19 სკოლას წელს 250 მოსწავლე დაამთავრებს, მათგან აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში 22 აბიტურიენტი გეგმავს ჩაბარებას.

სოხუმის გადაწყვეტილებით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2 ივნისს მხოლოდ ორი კვირით აღდგა, მე - 11 კლასელები ამ დროის განმავლობაში გამოსაშვები გამოცდებისთვის უნდა მოემზადონ. "განათლების სამინისტროს" განცხადებით, გაკვეთილებზე მკაცრად იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციები.
Print