ახალი ამბები
რუხის მოსახლეობა: მერიას ვთხოვთ სოფელს საძოვრები შეუნარჩუნდეს
ზუგდიდის სოფელ რუხში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, მდინარე ენგურის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე კერძო საწარმო ქვა-ღორღის მოსაპოვებელ სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც აღნიშნული ადგილები საძოვრისთვის გამოუსადეგარი გახდა. ისინი დახმარებისთვის მერიას მიმართავენ და ამბობენ, რომ საძოვრების განადგურების შემთხვევაში სოფელში ცხოვრებას აზრი დაეკარგება.  

"ხალხის პრობლემა და პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ საძოვრების ტერიტორიაზე ლიცენზია აღებულია და უნდა გამოიყენონ კარიერად, რასაც სოფლის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. თუ ეს საძოვრები განადგურდა აზრი არ აქვს აქ სოფლად ცხოვრებას, საქონელი ჰყავს ყველას და ბუნებრივია საძოვარი სჭირდება. მერიას შესაბამის რეაგირებას ვთხოვთ, რომ სოფელს საძოვრები შეუნარჩუნდეს და დაუყოვნებლივ იქნეს გაყვანილი ტექნიკა აქედან", - ამბობენ ადგილობრივები.

თავის მხრივ ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ საკითხზე მუშაობა 2 დღის წინ დაიწყეს. ზუგდიდის მერის ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვა-ღორღის მოპოვების ლიცენზია კომპანიამ 2017 წელს მიიღო, ნებართვის გაცემა კი მუნიციპალიტეტის მიერ არ ხდება. გეგა შენგელია ამბობს, რომ მათ უკვე გამართეს შეხვედრები, როგორც მოსახლეობასთან, ისე კომპანიის წარმომადგენლებთან. 

"კომპანია მუშაობს იმ სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში, რომელიც მისთვის გაცემულია 2017 წელს და მისი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ აქვს. თუმცა, მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური პრეტენზია, რომ მათი საძოვრების დაზიანება ხდება. ამიტომ, ჩვენ კომპანიას მოვუწოდეთ, შეეჩერებინა სამუშაოები გარკვეული ვადით, სანამ ჩვენ მოსახლეობასთან საბოლოოდ არ შევჯერდებით, ისე რომ კომპანიის ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული. ბუნებრივია მოსახლეობის ინტერესები არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, რამეთუ საძოვრების თემა არის ძალიან სენსიტიური და მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ადგილობრივების ინტერესი. აღნიშნული ლიცენზიის გაცემა ხდება არა მუნიციპალიტეტის, არამედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ. რატომ მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლიცენზიის გაცემა, ჩვენი გადასახედიდან რთული შესაფასებელია, თუმცა გამოსავლის ძიების პროცესში ვართ", - აღნიშნა გეგა შენგელიამ.



Print