ახალი ამბები
სოხუმი: დაკავებული წალენჯიხელი ახალგაზრდები იზოლატორში იმყოფებიან
საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახური" ავრცელებს. ამავე ცნობით, "საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით" 2020 წლის 6 ივნისს გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია დააკავეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასთან, სავარაუდოდ, ლიას მკვიდრი სამი ახალგაზრდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნული პირების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა 6 ივნისს ღამით სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა. მათივე ცნობით, დაკავებულები ჯართის შესაგროვებლად მეზობელ სოფელში იმყოფებოდნენ.


Print