ახალი ამბები
სოხუმი: იარაღის ტარების ნებართვას თანხის სანაცვლოდ გასცემდნენ
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთში იარაღის ტარების 2267- ზე მეტი ნებართვა გაიცა, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს ახალმა "მინისტრმა" დმიტრი დბარმა განაცხადა, წერს "აბხაზია ინფორმი".

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფაა. ჩვენ ახლა ისეთ ხალხსაც ვამოწმებთ, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს... და თუ მოქალაქეს კრიმინალური კვალი არ აქვს, ჩვენ მფლობელს იარაღს ვუბრუნებთ, მხოლოდ მისი შენახვის ნებართვით", - აღნიშნა დბარმა და დასძინა, რომ შემდგომ უბნის ინსპექტორები ამოწმებენ, თუ როგორ ინახება ეს იარაღი.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე 17 ერთეული იარაღი ამოიღეს. ამასთან ერთად, დბარი თვლის, რომ ამაში მოქალაქეები კი არ არიან დამნაშავეები, არამედ ის პირები, ვინც მისი ტარების ნებართვა გარკვეული თანხის სანაცვლოდ გასცეს.
"მინისტრმა" აღნიშნა, რომ უწყება ამას სამართლებრივ შეფასებას მისცემს და პროკურატურასთან ერთად გაარკვევს, რამდენად კანონიერი იყო ესა თუ ის გადაწყვეტილება.

2017 წელს სოხუმმა "იარაღის ტარების" შესახებ კანონის განხილვა დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, "პარლამენტს" ის არ მიუღია. დბარი იმედოვნებს, რომ დეპუტატები მას უახლოეს დროში განიხილავენ.



Print