ახალი ამბები
დაურ კოვე საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე : ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველო მოქალაქეების დაკავების საკითხს შეეხო.  მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია "სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც შესაბამისი ორგანოები განიხილავენ", წერს "აბხაზია ინფორმი". დაურ კოვემ აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია "საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის წესების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება".

ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა გალის შეხვედრების აღდგენის საკითხზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ აღნიშნული მექანიზმის ასამუშავებლად, აუცილებელია ორივე მხარისთვის მისაღები პირობების შექმნა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" ინფორმაციით, სოფელ ლეკუხონაში, 6 ივნისს, საქართველოს 3 მოქალაქე 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია, "საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით" დააკავეს.  ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნული პირების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


Print