ახალი ამბები
ანაკლიის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით აქცია გამართა
ანაკლიაში ორდე დგებუაძის ქუჩის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების მტკიცებით, პროექტით გათვალისწინებული 1 800 მეტრის ნაცვლად, კომპანია მხოლოდ 520 მეტრის რეაბილიტაციას გეგმავს. ისინი გზის სავალი ნაწილის სრულად შეკეთებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

„გვაწუხებს მტვერი, ვერ ვაღებთ კარებს, ფანჯრებს. გვპირდებოდნენ ჯერ კიდევ 3 წლის წინ გავაკეთებთო გზას, გვატყუებენ სულ. უნდა დაეწყოთ მარტის თვეში, კორონავირუსმა შეუშალა ხელი სამუშაოებს და გვესმის, მაგრამ როგორც იყო განმუხურის ხიდამდე დაპროექტებული, ისე გააკეთონ. არ დავთმობთ, ამ ტექნიკას გავაჩერებთ“, - ამბობენ ადგილობრივები.

ადგილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც  „ბილდინგ გრუპ 17“-ის წარმომადგენელი ზაზა ანთია განმარტავს, გზის შეკეთება რამდენიმე ნაწილად განხორციელდება, პირველ ეტაპზე კი მათ მიერ მხოლოდ 520 მეტრის რეაბილიტაცია მოხდება.

„პროექტში არის გათვალისწინებული 1 800 მეტრის რეაბილიტაცია, რომელიც წესით პიკეტაჟით უნდა გაკეთდეს. მოსახლეობას სურს, რომ დავიწყოთ ენგურის ხიდიდან და ბოლომდე გაკეთდეს გზა, მაგრამ ეს არის ლოტებად დაყოფილი, ეტაპები აქვს. პირველი ეტაპის გამარჯვებულები ჩვენ ვართ, რაც 520 მეტრის გზის სავალ ნაწილს ითვალისწინებს. რადგან მოსახლეობას არ სჯერა რომ ბოლომდე გაკეთდება, მე პირადად მივალ, გავესაუბრები ადგილობრივ ხელისუფლებას და გავუზიარებ ამ ხალხის მოთხოვნებს“, - თქვა ზაზა ანთიამ.

ზუგდიდის მერიაში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ამჟამად პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდგომაც მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდება.

„პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გამოყოფილია 300 000 ლარამდე, გზის სიგრძე შეადგენს 520 მეტრს. პირველი ეტაპი ერთ თვეში დასრულდება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მისი დაწყება წლის ბოლოსკენ იგეგმება, თუმცა სამუშაოები შეიძლება 2021 წლის დასაწყისში დაიწყოს“, - განმარტავენ მერიაში.
Print