ახალი ამბები
ნარკოტიკების მოხმარებაში ბრალდებულმა გალის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თანამდებობა დატოვა
გალის რაიონის ე.წ. ადმნისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გენრიხ ტუჟბამ გალის საავადმყოფოს თანამშრომლებს ახალი მთავარი ექიმი - მაკა გერგედავა წარუდგინა. ამ უკანასკნელის დანიშვნის შესახებ განკარგულება, "ადმინისტრაციის" ხელმძღვანელმა ომარ ბგანბამ გასცა. მასში ნათქვამია, რომ საავადმყოფოს ყოფილმა მთავარმა ექიმმა გიორგი შონიამ თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება 4 ივნისს დაწერა და მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა. მისი განცხადება "ჯანდაცვის მინისტრმა" თამაზ ცახნაკიამ დააკმაყოფილა. ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.

ამავე ცნობით, მაკა გერგედავა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მცხოვრებია. 2002 წელს მან ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა სპეციალობით - სამკურნალო საქმე. ამავე წელს, თბილისში ზოგადი პროფილის ექიმის სერტიფიკატი მიიღო. 2008 წლიდან დღემდე გალის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ინფორმაციით, გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიორგი შონია 4 ივნისს ნარკოტიკული საშუალება მეტადონის უკანონო მოხმარების ბრალდებით დააჯარიმეს.
მას 42 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.


Print