ახალი ამბები
სოხუმი: მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე შეზღუდვები მოიხსნა
აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. "პრეზიდენტის" მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საზღვრის კვეთა ისევ ეკრძალებათ "უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს". გარდა ამისა, სოხუმმა ფსოუს საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე რეჟიმის გამკაცრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას განცხადებით, ე.წ. საზღვარზე განთავსებულ მობილურ პოლიკლინიკაში, მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთიდან შემოდიან, Covid - 19 - ზე PCR კვლევების ჩასატარებლად ბიომასალას აუღებენ. მანამდე, მათ მხოლოდ თერმოსკრინინგი უტარდებოდა, წერს "აფსადგილ ინფო". გამოცემის ცნობით, ასევე იკრძალება სასტუმროების და სხვა ტურისტული ობიექტების დაჯავშნა.

მანამდე, ასლან ბჟანიამ გასცა ბრძანება, რომლის თანახმად, 15 ივნისიდან მოიხსნა შეზღუდვები მასობრივი, კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებების, ასევე ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე. ასევე გაიხსნა სპორტული დარბაზები, სპა და მასაჟის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები.

რაც შეეხება სტატისტიკას, მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე კიდევ 32 ადამიანის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს და მათგან ერთს ჩოვიდ – 19 დაუდგინდა. ამავე ცნობით, ის რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია. პაციენტს გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ, წერს "აფსადგილ ინფო". გამოცემის ინფორმაციით, საკარანტინო ზონა დატოვა 8 პირმა, ისინიც მოსკოვიდან სოხუმში ჩასული კურსანტები არიან.

ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 9 გუდაუთის ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილებაშია მოთავსებული, 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.




Print