ახალი ამბები
სოხუმი: ფსოუს საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებს PCR კვლევებს ჩაუტარებენ
სოხუმის გადაწყვეტილებით, ფსოუს საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე მოწყობილ მობილურ პოლიკლინიკაში, რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს Сovid - 19 - ზე PCR კვლევებს ჩაუტარებენ, მანამდე, მათ მხოლოდ თერმოსკრინინგი უტარდებოდა. ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში სოხუმში 26 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია. ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 10 პირი გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს, 27 უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. "პრეზიდენტ"ასლან ბჟანიას მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საზღვრის კვეთა ისევ ეკრძალებათ "უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს". გარდა ამისა, აკრძალულია სასტუმროების და სხვა ტურისტული ობიექტების დაჯავშნა. თუმცა, 15 ივნისიდან მოიხსნა შეზღუდვები მასობრივი, კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებების, ასევე ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე. ასევე გაიხსნა სპორტული დარბაზები, სპა და მასაჟის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები.




Print