ახალი ამბები
აფხაზეთის სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
აფხაზეთში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. "გალ ტვ" - ს ინფორმაციით, გალის რაიონის სკოლების მე-11 კლასის მოსწავლეები წერით გამოცდას, "მშობლიურ ენაში", ხოლო რუსულ სკოლებში რუსულ ენაში აბარებენ. ამავე ცნობით, პირველი გამოცდის თემაა: ლენინგრადის ბლოკადა.

გალის მე -2 სკოლის დირექტორის ახრა ცვეიბას თქმით, წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და "ჯანდაცვის სამინისტროს" რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოსწავლეებს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ისინი მერხებთან თითო - თითოდ, დისტანციის დაცვით ისხდნენ, ოთახები კი წინასწარ, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა.

"9 საათზე გაიხსნა კონვერტები, ბავშვები დღეს წერენ თემას, ის დაკავშირებულია სამამულო ომის 75 - ე წლისთავთან... გამოცდები ოთხ საკლასო ოთახში ტარდება, კლასში მხოლოდ 15 მოსწავლე დაიშვება", - აღნიშნა ცვეიბამ.

მისივე ინფორმაციით, 23 ივნისს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდას ალგებრაში ჩააბარებენ.

სოხუმის გადაწყვეტილებით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2 ივნისს მხოლოდ ორი კვირით აღდგა, მე - 11 კლასელები ამ დროის განმავლობაში გამოსაშვები გამოცდებისთვის უნდა მომზადებულიყვნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მონაცემებით, გალის რაიონში მოქმედ 19 სკოლას წელს 250 მოსწავლე დაამთავრებს, მათგან აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში 22 აბიტურიენტი გეგმავს ჩაბარებას.


Print