ახალი ამბები
ვლაქერნობის უქმე დღედ გამოცხადებაზე საპარლამენტო განხილვები დაიწყო
შრომის კოდექსის რეფორმის საკომიტეტო განხილვისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა სხვადასხვა დღესასწაულების, მათ შორის, ვლაქერნობის დასვენების დღედ გამოცხადების აუცილებლობაზე ისაუბრა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი თვლის, რომ საქართველოს მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ცალკეულ მუნიციპალიტეტებსაც უნდა შეეძლოთ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების უქმედ გამოცხადება. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის.

"მაგალითად მუსლიმი თემისთვის შესაძლებლობა იქნება, რომ დასვენების დღედ გამოცხადდეს ის დღე რომელიც მათი დღესასწაულია, ან ნებისმიერი სხვა რეგიონისთვის ან რაიონისთვის დამახასიათებელი დღესასწაულების გამოყენება შეიძლება ამ კუთხით", - თქვა ცქიტიშვილმა.

თავის მხრივ, მერაბ ქვარაიამ კომიტეტის სხდომაზე ვლაქერნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ანალოგიური ტიპის დღესასწაულები, თუნდაც მუნიციპალიტეტის დონეზე დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს.

"მადლობა ჩემი ინიციატივის გაჟღერებისთვის. ჩნდება ეს ელემენტი ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის დონეზე გამოცხადდეს დასვენების დღე, კონკრეტულად ეს იყო აღებული ზუგდიდის მაგალითზე, ვლაქერნობის დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად ხდება საერთო, სახალხო დღესასწაული. არამარტო ზუგდიდში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის ანალოგიური ტიპის დღესასწაული, რომელიც თუნდაც მუნიციპალიტეტის ფარგლებში უნდა იყოს დასვენების დღე, ჩემი აზრით და ჩვენი აზრით, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელიც ეძლევა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რა თქმა უნდა მთავრობასთან შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით", - აღნიშნა ქვარაიამ.

ვლაქერნობის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე გასულ წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ქადაგების დროს ისაუბრა. მეუფე მიიჩნევს, რომ 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს, რომ ყველა მსურველმა ვლაქერნობაზე ტაძარში მისვლა შეძლოს.


ფოტო: თემურ ბართავა
Print