ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერიას: ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნუ დაამთხვევთ საარჩევნო კალენდარს
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი და ყოფილი პარლამენტარი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერიას უმოქმედობასა და კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მოუწესრიგებელი გზების გამო ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობა ფსიქოლოგიური  ზეწოლის და ტერორის ქვეშ ჰყავს. მან საავტომობილო გზებთან დაკავშირებით ქალაქში არსებულ პრობლემებზე რუსთაველის ქუჩაზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„საშინელება ხდება ამ ქუჩაზე, ქალაქის მთავარი მაგისტრალზე, გაუვალია. შეხედეთ მძღოლებს, როგორი სახეები აქვთ. ამ ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. აბრალებენ წყლისა და კანალიზაციის სამუშაოებს და 2 წელია ამას აკეთებენ. ხალხი ამ პირბადეებით ისედაც იხრჩობა და დამატებული ეს საშინელი მტვერი. შეუსრულებელი სამუშაოების გამო არც ერთ კომპანიას არ აჯარიმებენ იმიტომ, რომ მათთან მოგვარებული აქვთ თავიანთი ფინანსური საქმეები. რაც ყველაზე მთავარია, მოვუწოდებ მერიას ნუ დაამთხვევთ საარჩევნო კალენდარს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს “, - აღნიშნა ჯგუშიამ.
სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლის ბრალდებებს მერიაში არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

„რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, აქ უკვე დაწყებულია სამუშაოები. ასევე მალე დაიწყება 60-მდე ქუჩის რეაბილიტაცია“, -გვითხრეს მერიაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზუგდიდის ტერიტორიაზე არსებული გზების რეაბილიტაციაზე ერთდროულად 3 ტენდერი გამოაცხადა. მათი სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 15 500 000 ლარს შეადგენს.
Print