ახალი ამბები
წალენჯიხის სოფელ მიქავაში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა
წალენჯიხის სოფელ მიქავაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. როგორც რადიო "ათინათს" სოფელში მერის წარმომადგენელმა თამაზ ღვინჯილიამ უთხრა, ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე სავარაუდოდ ვერ დაიმორჩილა და გზის მიმდებარედ არსებულ ბორდიურს შეეჯახა. შედეგად, 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა.    

"სულ ოთხი მგზავრი იყო, ერთი დაიღუპა, სხვები დაშავებულები არიან. ერთი 9 წლამდე ბავშვია, ზუგდიდის საავადმყოფოში წაიყვანეს. 2 დაშავებული ჯერ წალენჯიხის საავადმყოფოშია, ალბათ მათაც გადაიყვანენ. მძღოლის გვერდით იჯდა ქალბატონი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, ადგილობრივია", - თქვა მან. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print