ახალი ამბები
სოხუმში ინდოევროპული ტელეგრაფის დროინდელი ბოძების დემონტაჟი დაიწყო
სოხუმში მე - 19 საუკუნის სატელეგრაფო ბოძების დემონტაჟს სოციალურ ქსელ ფეისბუკში მოქალაქეების გამოხმაურება მოჰყვა. თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორია, სადაც აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს, "აფხაზეთის ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალში" შედის, თუმცა, ეს საკითხი "კულტურის სამინისტროსთან" ქალაქის ადმინისტრაციას არ შეუთანხმებია. წერს "ნუჟნაია გაზეტა". 

გამოცემის ცნობით, თავის მხრივ, სოხუმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დემონტირებულ ბოძებს რესტავრაციას ჩაუტარებენ და მათი შემდგომი განთავსების ადგილს "სამინისტროსთან" ერთად განსაზღვრავენ.  ამავე ინფორმაციით, მე -19 საუკუნის თუჯის ბოძების დემონტაჟი, ქალაქის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოების გამო განხორციელდა.

დემონტირებული ბოძები ერთ დროს ინდოევროპული ტელეგრაფის ნაწილი იყო, რომელიც ბრიტანეთის იმპერიას ინდოეთთან აკავშირებდა. ცნობილია, რომ კომპანია "სიმენსის" მიერ 1870 წელს დასრულებული სახმელეთო ხაზი, "ინდოეთის ტელეგრაფის" სახელწოდებით ცნობილი, კავკასიაში გადიოდა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, სოხუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და თბილისში. სწორედ ეს ბოძებია შემორჩენილი სოხუმში წარწერით: "Siemens-Patent-London".


Print