რეგიონი
ზუგდიდის მერმა 1 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გაწეული 1 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში ბოტანიკურ ბაღში წარადგინა. გიორგი შენგელიამ განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში 2019- 2020 წელს 109 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73 000 000 ლარი შეადგინა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 გზას, აღდგა წყალმომარაგების პროექტის განხორციელების დროს დაზიანებული 50 - მდე გზა. ტენდერი გამოცხადებულია 34 გზის რეაბილიტაციაზე, წლის ბოლომდე აღდგება 60-მდე გზის საფარი.

„ზუგდიდს მალე 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება. განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი. ზუგდიდს 15 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი ჰყავს. მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები. წლის ბოლომდე იგეგმება 25 ახალი ავტობუსის შეძენა და გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელები მოეწყობა, საშეღავათო ტარიფები დაწესდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის. რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოპარკი ეწყობა. მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა ახალი პროექტი ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“. პროექტის ფარგლებში შემოვიდა 39 საპროექტო წინადადება, აქედან მიმდინარე წელს 26 პროექტი განხორციელდება“, - თქვა გიორგი შენგელიამ.

მერის ინფორმაციით, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახისთვის 2019 წელს სოციალური სახლი აშენდა, ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში კი 18 ოჯახი ჩაერთო.

„მიმდინარე წელს 25 სახლი აშენდება, შეიცვალა საცხოვრებელი სახლების დიზაინი და გაიზარდა მოცულობა. თავისუფლების ქუჩაზე სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 - ბინიანი კორპუსის მშენებლობაც იგეგმება. ამასთან, რუხში იწყება მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრის ,,ჩემი მორდუს“ მშენებლობა. პროექტს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ ახორციელებს“, - განმარტა მერმა.

მან ჯანდაცვის პროგრამებში განხორციელებულ სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სამედიცინო დახმარების პროგრამას რამდენიმე ახალი ქვეპროგრამა დაემატა: 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის თანადაფინანსება, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია.

მისი თქმით, გაიხსნა სკრინინგ-ცენტრი, აშენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აშენდა 5 ახალი ამბულატორია.
მერის ანგარიშის თანახმად, ზუგდიდში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო–სამაშველო სამსახურის შენობა. ასევე, ანაკლიაში აშენდა სახანძრო-სამაშველოს შენობა.

გეგა შენგელიამ ქალაქის იერსახის მოწესრიგებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მოეწყო ეზოები, საბავშვო მოედანი და ვეტერანთა ხეივანი.
რაც შეეხება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებელ, მერის თქმით, შენდება ახალი სკოლა დარჩელში. სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-3 საჯარო სკოლას. 1.5 მილიონი ლარი მოხმარდება სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაციას.

რაც შეეხება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, წლის ბოლომდე დაიწყება 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო N1 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ახალი საბავშვო ბაღები შენდება ანაკლიაში, ჯუმსა და ლაღიძის ქუჩაზე. ამავე ინფორმაციის თანახმად, 15-20% - ით გაიზარდა საბავშვო ბაღებში პერსონალის ხელფასები და კვების დაფინანსების თანხა. მერმა თავის ანგარიშში ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დროს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები გადაეცათ. გარდა ამისა, მისი ცნობით, გრძელდება ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და მერის სტიპენდიის პროგრამები. განახლდა საჭადრაკო სკოლა.

მერმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფონდი ქართუს დაფინანსებით მიმდინარეობს -მან აღნიშნა, რომ გრძელდება შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია, ხოლო ნიკოსეულ სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა. მისი ცნობით, ასევე განახლდა რკინიგზის სადგური.

მერის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა განმუხურში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ამფითეატრს. ანაკლიაში მიმდინარეობს კაფე - რესტორნის რეაბილიტაცია და აკვაპარკიც მზადაა მიიღოს ტურისტები.

ამავე ცნობით, საანგარიშო პერიოდში დასრულდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია. მერიის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.

გარდა ამისა, ზუგდიდში ტურიზმის განვითარების მიზნით, ახალი პროექტი „ეთნოცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩატარებულ, მათ შორის, სადეზინფექციო სამუშაოებში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით დახმარება გაეწია 10 000-მდე ოჯახს. კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო რუხის კლინიკა, ხოლო ანაკლია-განმუხურში 140 - ადგილიანი საკარანტინო სივრცე მოეწყო.

გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 24 245 ადამიანს, ხოლო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა 3500-მდე ნიმუშს.

ანგარიშის წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



Print