ახალი ამბები
ზუგდიდის ციხის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება
ზუგდიდში, ციხის ყოფილი შენობის ადგილზე შესაძლოა სავაჭრო ცენტრი აშენდეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ტერიტორიის ამჟამინდელმა მფლობელმა ზურაბ გარუჩავამ უთხრა. მისივე განმარტებით, 6603კვ.მ-ზე არსებული შენობის დემონტაჟი უკვე დაიწყო. ჩვენს კითხვაზე, აპირებენ თუ არა აღნიშნულ ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, გარუჩავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბინების მშენებლობა არ არის დაგეგმილი.

"დიდი ალბათობით აშენდება სავაჭრო ცენტრი, ჯერ ვერ გეტყვით ზუსტად, კონკრეტული პროექტი არ არის მზად. ჯერ დემონტაჟის სამუშაოები უნდა დამთავრდეს, მერე კი არის გარკვეული პროცედურები, რის გარეშეც მშენებლობა არ დაიწყება - პროექტი უნდა შეთანხმდეს მერიასთან, შესაბამის უწყებებთან, მერე როცა დამტკიცდება ზუსტად გვეცოდინება რა სახის შენობა დაიდგმევა და რა პროფილის", - აღნიშნა მან.

ზურაბ გარუჩავამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უპირობო აუქციონზე 2019 წელს 1 030 000 ლარად შეიძინა. ამის შემდეგ ქონება შპს "ინფინიტი ჰოლდინგის" საკუთრებაში გადავიდა, რომლის 51% მფლობელი თავად გარუჩავაა, ხოლო 49% წილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ოლგა დენისენკოს ეკუთვნის. 


Print