ახალი ამბები
ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა
ენგურის ხიდი, რომელიც სოხუმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან სამი დღით იყო გახსნილი, 24 ივნისს ისევ ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი 794 - მა მოქალაქემ გადაკვეთა, ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.

მანამდე, 26 მაისიდან, აფხაზურმა მხარემ ასევე ცალმხრივად, ერთი კვირით გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვით იყო ჩაკეტილი. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საზღვრის კვეთა ისევ ეკრძალებათ "უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს". თუმცა, 15 ივნისიდან მოიხსნა შეზღუდვები მასობრივი, კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებების, ასევე ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე. ასევე გაიხსნა სპორტული დარბაზები, სპა და მასაჟის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები.

ამავე ცნობით, ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 - გუდაუთის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს, 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.



Print