ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია: იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა ფეისბუქ-პოსტების გამო შემიზღუდა
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, სოციალურ ქსელში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 24 ივნისით დათარიღებულ წერილს აქვეყნებს, რომელიც, როგორც თვითონ განმარტავს, მას 29 ივნისს ჩაბარდა. დოკუმენტით ირკვევა, რომ შენგელიას მიმართ დისციპლინური წარმოება ფეისბუქზე გამოქვეყნებული შეხედულებების გამო არის დაწყებული. 

“გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას facebook გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს წერილში. 

როგორც ბაჩანა შენგელიამ რადიო "ათინათს" უთხრა, მან არ იცის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რომელ მის პოსტზეა საუბარი. ამავდროულად ის მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულებაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ნოტარიუსს დისციპლინურ გადაცდომად ეთვლება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა, სწორედ მას  უკავშირდება.

"ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. აღმოჩნდა, რომ ერთი თვეა მიმდინარეობს მონიტორინგი და ჩათვალეს, რომ არ ვარ პოლიტიკურად ნეიტრალური. შესაბამისად, ეს წერილიც უკვე დაწყებული დისციპლინური წარმოების გაგრძელებაა, რომლის საბოლოო მიზანიც არის ერთი - უკვე პოლიტიკურად აშკარად მოტივირებული, იმიტომ, რომ თვითონვე უწერიათ, რომ პოლიტიკურად არ მოეწონათ რაღაცეები. თუ კანონით დავიწყებთ საუბარს, რა თქმა უნდა კონსტიტუციით და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით არ შეიძლება ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო რამე სახის დევნა ან სამსახურებრივი პრობლემის შექმნა. ერთადერთია ბრძანება იუსტიციის მინისტრის, რომელიც ვხედავ რა მიზნითაც მიიღეს ერთი თვის უკან და ჩაწერეს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა ითვლება ნოტარიუსის დარღვევად. ჩემი სახელობის ბრძანებაა, ჩემზე გათვლილი, სამწუხაროდ შეიძლება ასე ითქვას. თუმცა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი რას ნიშნავს ეს ერთი არავინ იცის, მეორე დარღვევა რაში გამოიხატა, რადგან სამსახურებრივ საქმიანობაში არაფერი გამომივლენია და რაღაცეებზე ჩემი შეხედულება თუ მაქვს და არჩევნებში ხელისუფლებას არ ვაძლევ ხმას - ეს არ ნიშნავს, რომ მე პოლიტიკურად არანეიტრალური ვარ. ასე რომ, სამართლებრივი საფუძველი თავისივე ბრძანება არის, იუსტიციის მინისტრის, თუმცა კონსტიტუცია და კანონი, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგოს ამბობს, - გვითხრა შენგელიამ.

მანამდე, 19 ივნისს, მისი ინფორმაციით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც ის სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. ბაჩანა შენგელია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეს უკავშირებს, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი.















Print