ახალი ამბები
სოხუმი ტურისტული სეზონის 15 ივლისიდან გახსნის შესაძლებლობას განიხილავს
სოხუმში, საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე, ტურისტული სეზონის 15 ივლისიდან გახსნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ეს საკითხი "სამინისტროებმა და უწყებებმა რუსულ სტრუქტურებთან კოორდინაციაში უნდა განიხილონ", წერს "აფსადგილ ინფო".

"საბოლოო გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ, იმის მიხედვით, თუ რა ვითარება იქნება სოჭში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში, რადგან, დამსვენებლების 100 პროცენტი ჩვენთან სწორედ რუსეთიდან შემოდის", - აღნიშნა ალექსანდრე ანქვაბმა.

მისი განცხადებით, საზღვრის გახსნას სერიოზულად უნდა მიუდგნენ, რომ სიტუაცია უარესობისკენ არ შეიცვალოს. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობის განახლებას 1 ივლისიდან
შეძლებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საზღვრის კვეთა ისევ ეკრძალებათ "უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს". თუმცა, 15 ივნისიდან მოიხსნა შეზღუდვები მასობრივი, კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებების, ასევე ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე. ასევე გაიხსნა სპორტული დარბაზები, სპა და მასაჟის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები.

29 ივნისი მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4  - გუდაუთის საავადმყოფოში გადის მკურნალობას, 33 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.



Print