რეგიონი
ზუგდიდელი მოსწავლეების 8%-სთვის ინტერნეტი ხელმიუწვდომელი იყო
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ონლაინ გაკვეთილებს მოსწავლეების 92% ესწრებოდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას თქმით, დარჩენილი 8%, ძირითადად, სოფლის სკოლების მოსწავლეებზე მოდის.

„ინტერნეტის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს მასწავლებლები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ და ტელესკოლის გაკვეთილების შედეგების უკუკავშირს იღებდნენ. მოსწავლეების ჩართულობა თავიდან იყო მაღალი. ბოლოსკენ იკლო, თუმცა ეს კლება არ იყო მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ამაზე გავლენა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამ იქონია, მშობლები დაუბრუნდნენ სამსახურებს და ბავშვებს, ასევ ვთქვათ, არავინ უწევდა კონტროლს“, - აღნიშნა მან.

შესაბამის კითხვაზე კახა ფარცვანია პასუხობს, რომ მუშაობენ ინტერნეტის საკითხზე, რათა ის თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„არ ვზივართ გულხელდაკრეფილები, როგორც სამინისტრო, ასევე ჩვენ, ადგილობრივ დონეზე განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას. შეიძლება მოხდეს ინტერნეტ პაკეტების შეძენა იმ მოსწავლეებისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება“, - ამბობს ის.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ონლაინ გაკვეთილების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს და ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, ონლაინ რეჟიმში გაკვეთილების სრულყოფილად ჩატარება შეუძლებელია.

„ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი იყო ის, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც გაითავისეს ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნის აუცილებლობა. ეს იყო საკმაოდ საინტერესო გამოწვევა და შეიძლება ვთქვათ, რომ ის საკმაოდ წარმატებულად დავძლიეთ. თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი მინუსი. მაგალითად, ბავშვი შეიძლება იყოს ონლაინ, მაგრამ ის არ ესწრებოდეს სასწავლო პროცესს, გაპარული იყოს. დროში შეზღუდვის გამო, გაკვეთილების სრულფასოვანი ჩატარება შეუძლებელი იყო. რეკომენდაცია არის, რომ ბავშვები დიდხანს არ მივაჯაჭვოთ ინტერნეტს და მათ ჯანმრთელობას არ შევუქმნათ საფრთხე“, - განმარტა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

ჩვენს კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას, როგორც პედაგოგს, პირველკლასელთა ონლაინ სწავლება, ამბობს, რომ მისთვის ეს წარმოუდგენელია და სკოლები სხვადასხვა გეგმაზე მუშაობენ.

„ვფიქრობთ გამოსავალზე და შესაძლებელია პირველკლასელები მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე არ იყვნენ. ყველა სკოლას ექნება ინდივიდუალური „ბ“ გეგმა. სექტემბრისთვის უკვე გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ამ თემაზე. ამ ეტაპზე რა გეგმებსაც განვიხილავთ, ყველა სკოლის დირექტორი მოიაზრებს პირველკლასელების დაშვებას სკოლებში“, - ამბობს კახა ფარცვანია.


Print