ახალი ამბები
სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო სისტემასთან წვდომის აღდგენა დაავალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა ბაჩანა შენგელიას სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. ამით მოსამართლემ ბაჩანა შენგელიას განცხადება, სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, დააკმაყოფილა. ამის შესახებ ნოტარიუსი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

მანამდე, 19 ივნისს, შენგელიას ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც ის სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. ბაჩანა შენგელია აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეს უკავშირებს, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი.

გარდა ამისა, მოგვიანებით, 29 ივნისს ნოტარიუსმა სოციალურ ქსელში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 24 ივნისით დათარიღებული წერილი გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო, რომ მის მიმართ კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება ფეისბუქზე გამოქვეყნებული შეხედულებების გამო იყო დაწყებული.

Print