ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად, კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ვიცე პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა და „მთავრობის“ მეთაური ალექსანდრე ანქვაბი. ყველა მათგანს „ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობა“ აქვს, წერს „ ეხო კავკაზა“.

ასლან ბჟანიას აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობას, ფეისბუკის აფხაზურ სეგმენტში გამოხმაურება მოჰყვა.

მომხმარებელი Tengiz Agrba ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: „დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი არ უნდა მონაწილეობდეს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში და კენჭისყრაში... საერთოდ, საჭიროა კანონი, რომ ის არ უნდა იყოს არც ერთი სხვა ქვეყნის მოქალაქე“.

„მეორე მხრივ, აფხაზეთის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ერთადერთი ლიდერია, რომელიც მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტის ერჩევნებში და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებში. შემთვევა უნიკალურია“, - ასეთია Valeriy Kobakhiya Kopal-ის კომენტარი.

კიდევ ერთი ფეისბუკ მომხმარებელი Даут Хутаба წერს „კანონს რაც შეეხება, დარწმუნებული არ ვარ, თუმცა, იმ აზრს, რომ სხვის არჩევნებში არ უნდა მონაწილეობდეს, სრულებით ვეთანხმები“.

„... ბოლოს და ბოლოს შეიძლება,უბრალოდ არ წავიდეს და არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ ეს კენჭისყრის შედეგებზე ფაქტიურად არ აისახებს, არჩევნების შედეგები, იქ აპრიორი, წინასწარ არის განსაზღვრული...“, - თვლის მოქალაქე Hakim Abaza .

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 1 ივლისს დანიშნა კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც, სხვა ასპექტებთან ერთად, მას უფლებას მისცემს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.

კენჭისყრა სოხუმში, „რუსეთის საელჩოში“ იმართება.

ფოტო: "რია ნოვოსტი"
Print