ახალი ამბები
სამეგრელოში სასწრაფო დახმარების 3 ახალი შენობა გაიხსნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, მარტვილის სოფელ დიდი ჭყონის, სენაკისა და ხობის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სენაკისა და ხობის რაიონული შენობები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა.
„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ამ დრომდე, სოფ.დიდი ჭყონის, ხობისა და სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა. ახალი შენობები უკვე გაიხნა აბაშასა და მარტვილში, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია ზუგდიდის და ჯვარის სასწრაფო დახმარების შენობებში, ხოლო წალენჯიხასა და ჩხოროწყუში პროცესი მალე დასრულდება“, - ამბობენ გუბერნიაში.


ამავე ცნობით, საქართველოს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

Print