ახალი ამბები
პოლიციამ ფოთში მამაკაცის მკვლელობისთვის სამი პირი დააკავა
პოლიციამ ფოთში მამაკაცის განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

43 წლის მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით ფოთის საავადმყოფოში 2 დღის წინ მოათავსეს, თუმცა მედიკოსების განმარტებით პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Print