ახალი ამბები
სამეგრელოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადასცდება - სინოპტიკოსები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42 გრადუსს მიაღწიოს. ამავე ცნობით, მთიან რაიონებში ჰაერი 35 - 37 გრადუსამდე გათბება, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33- 35 გრადუსია მოსალოდნელი.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ამბობენ სააგენტოში.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39 გრადუსის, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

Print