ახალი ამბები
ნინო ვიბლიანი: საჭიროების შემთხვევაში მაშველები მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზად არიან 
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი სვანეთში, ხაიშის თემის სოფელ იდლიანში იმყოფება, სადაც უკვე მეორე დღეა ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი განმარტებით, სახანძრო ბრიგადებს მუშაობა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო უძნელდებათ. 

"თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ მიუდგომელი ადგილია და სამაშველო ბრიგადები ადგილზე ვერ გადიან. თუმცა დილიდან არის ჩართული 2 ერთეული ვერტმფრენი და ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის ლოკალიზება. სამწუხაროდ, ეს ჯერ ვერ მოხერხდა. სანამ იქნება შესაძლებელი და იქნება ხილვადობა სამუშაოები გაგრძელდება, დილიდან კი განახლდება ხანძრის ლოკალიზება.ამ ეტაპისთვის, როგორც ასეთი მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება, თუმცა თუ ეს დადგება დღის წესრიგში, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოახდენენ ადგილობრივების ევაკუაციას. იმედია რომ ეს არ გახდება საჭირო", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

იდლიანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი თანდათან დასახლებულ ტერიტორიას უახლოვდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სოფლის რწმუნებულმა უთხრა. ბეჟან ჭკადუას თქმით, თუ ცეცხლის ლოკალიზება ვერ მოხერხდება, შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.
Print