ახალი ამბები
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი 21-23 აგვისტოს ჩატარდება
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი LISI ISLAND წელს ანაკლია-განმუხურში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ფესტივალის წარმომადგენელმა ლაშა წურწუმიამ დაუდასტურა. მისი განმარტებით ახალი ფესტივალი ყოველწლიური გახდება და Echowaves-თან ერთად ანაკლიაში ყოველ ზაფხულს ორი ფესტივალი ჩატარდება. 

"ლისი ვუდი" ტარდებოდა თბილისში, ლისზე და ახლა გადმოდის ანაკლიაში. დაახლოებით 1500 კაცი ესტუმრება ფესტივალს ყოველ დღე. რაც შეეხება ფესტივალ Echowaves-ს, მომდევნო წლიდან დაბრუნდება ანაკლიაში, იგივე მასშტაბებით და ფაქტობრივად, ორი ფესტივალი გვექნება", - აღნიშნა წურწუმიამ. 

წლევანდელი ფესტივალი სასტუმრო "პალმ ბიჩის" მიმდებარედ არსებულ კუნძულზე ჩატარდება. ამ ეტაპზე სრულად ამოსყიდულია პირველი კალათის ბილეთები, რომელთა ღირებულება 80 ლარს შეადგენდა. საიტზე tkt.ge ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ ვერიფიკაციის შემდეგ არის შესაძლებელი, მათი ფასი კი 100 ლარია. 

Print