ახალი ამბები
საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე 5 ქვეყანას უპირობოდ გაუხსნის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე 5 ქვეყანას უპირობოდ გაუხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს“, - განმარტა ჩიქოვანმა.

მისვე ინფორმაციით, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.
„ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა. მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია“, - ამბობს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

მისივე თქმით, რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველოს მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი.

„ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.

Print